როგორ შევარჩიოთ და ვატაროთ ბატილიონები

ბატილიონები მოდის სამყაროში სამი წლის წინ გახდა ტრენდული და მას შემდეგ ღირსეულ ადგილს იკავებს ყველა ქალბატონის გარდერობში, ზამთრისა და შემოდგომის ფეხსაცმლის კატეგორიაში. თუ თქვენ კიდევ არ შეგიძენიათ მსგავსი ფეხსაცმელი ამ სტატიაში გასწავლით, როგორ შეარჩიოთ თქვენი სტილისა და მოთხოვნების მიხედვით.
ბატილიონების სტილი და მოდა მცირედით იცვლება სეზონიდან სეზონამდე. წელს მოდაშია მაღალყელიანი ბატილიონები. პირველად კი, როდესაც ის გაყიდვაში გამოჩნდა, 2010 წელს უფრო ფეხსაცმელ-ბატინკის ფორმა ჰქონდა და მისი ყელი კოჭთან მთავრდებოდა.
ამ დროისათვის გაყიდვაში უკვე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბატილიონებია შემოსული და მათი შეძენა საკუთარი გემოვნებისა და კომფორტის მიხედვით შეგიძლიათ.
ელეგანტური
ბატილიონების ეს სახეობა იდეალურია იმ შემთხვევისთვის, როცა გამოპრანჭვა გინდა. შეგიძლიათ ჩაიცვათ სამსახურში. ატაროთ პიჯაკთან, კაბასთან და კლასიკურ შარვალთან ერთად. ეს ფეხსაცმელი ფეხს უფრო მაღალს აჩენს, ხოლო თქვენს სტილს ელეგანტურად წარმოაჩენს.
აღნიშნული ფეხსაცმელი იდეალურია ყველაირი სიმაღლისა და ფორმების მქონე ქალბატონებისთვის. შესაძლებელია ატაროთ, როგორც კლასიკურ ჩაცმულობაზე, ისე ჯინსებზე და სთრით სთაილის სამოსზე.
დაბალძირიანი
ეს სტილი იდეალურია ქალებისთვის, რომლებსაც ბევრი სიარული უწევთ. ის არის მარტივი, კომფორტული და მოდური. ეს არის ბატილიონების ერთ-ერთი ის სახეობა, რომელსაც აქვს მაღალი ყელი და მშვენივრად გამოიყენებთ ზამთარშიც, მაღალყელიანი ჩექმის შემცვლელად.
თუმცა დაბალი სიმაღლის ქალბატონები ბატილიონების ამ სტილს სასურველია მოერიდონ. ატარეთ „სქინი“ ჯინსთან და ნაქსოვ ტანსაცმელთან ერთად.
ბატილიონები მაღალ ქუსლზე
ეს სტილი სეზონის ბოლო მოდად არის აღიარებული. ის კოჭზე უფრო მაღლა მთავრდება და აქვს თანამედროვე, ცოტა მძიმე შესახედაობა. საუკეთესოა მაღალი, გამხდარი ფეხის მქონე ქალბატონებისთვის. თუ თქვენ გაქვთ მსხვილი ფეხი, ჯობს ამ სტილს მოერიდოთ. ატარეთ „სქინი“ ჯინსებთან და ბოჰო სტილის ტანსაცმელთან. მოერიდეთ ამ ფეხსაცმელს საოფისე სამოსის ტარებისას.
ჩექმის მსგავსი ბატილიონები
თუ გიყვართ ყველაფერი კლასიკური, სულაც არ გჭირდებათ გემოვნების შეცვლა ამ სეზონისთვის. შეგიძლიათ ეს ფეხსაცმელი აირჩიოთ. ასეთი ჩექმა თითქმის ყველაფერს უხდება გარდა ქვედაბოლოსი, რომელიც მუხლთან მთავრდება. იდეალურია „ოუვერსაიზ“ ტანსაცმელთან და ლეგინსებთან კომბინაციაში. უხდება „სქინი ჯინსებსაც“.